კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ეს პოლიტიკა ხსნის, რა მონაცემებს ამუშავებს Maswavle ვებგვერდსა და აპლიკაციებში, რისთვის, ვისთან და რამდენ ხანს.
ვერსია 2026-10-17.7 · არქივი · 2026-10-11 · 2026-10-12 · 2026-10-14 · 2026-10-17.1 · 2026-10-17 · 2026-10-17.10
მოსწავლეებისთვის
შენი ანგარიში, პასუხები და შედეგები გვჭირდება, რომ ივარჯიშო და პროგრესი ნახო. AI-ისთვის მონაცემების გაგზავნაზე თანხმობა არჩევითია: ცალკე ველს რეგისტრაციისას მონიშნავ და ნებისმიერ დროს შეცვლი პარამეტრებში. AI-ს შეიძლება გაეგზავნოს შენი ნამუშევარი, ფოტო, ჩატი, ხმოვანი კითხვა, სახელი და სუსტი თემები. მიმწოდებლები აშშ-ში არიან, სადაც მონაცემთა დაცვა შეიძლება განსხვავდებოდეს.
შენს მონაცემებს არ ვყიდით და სარეკლამო წერილებს ან push შეტყობინებებს არ გიგზავნით. დაბადების თარიღი მხოლოდ ასაკის წესების შესამოწმებლად გვჭირდება. თუ ჩატში თვითდაზიანების ან ძალადობის შესახებ შეტყობინება უსაფრთხოების სისტემამ მონიშნა, მისი ასლი უფლებამოსილ თანამშრომელს შეუძლია წაიკითხოს დახმარების მიზნით; ყოველი წაკითხვა აღირიცხება. მონაცემებზე კითხვა ან მათი წაშლა შეგიძლია მოითხოვო: maswavleme@gmail.com.
1. ვინ არის პასუხისმგებელი
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირია შპს მასწავლემე, ს/კ 412801231. იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი ქუთაისი, ავტომშენებლის გამზირი, N 30, ბინა 9. ელფოსტა: maswavleme@gmail.com; ტელეფონი: +995 591 21 88 18. იგივე კონტაქტები გამოიყენეთ მონაცემთა დაცვის საკითხებზე.
2. მონაცემები, მიზნები, საფუძვლები და შენახვა
ქვემოთ „ხელშეკრულება“ ნიშნავს თქვენთვის მოთხოვნილი მომსახურების გაწევას; „თანხმობა“ — კონკრეტულ არჩევით დამუშავებაზე თქვენს გადაწყვეტილებას; „ლეგიტიმური ინტერესი“ — მითითებულ მიზანს თქვენი უფლებების გათვალისწინებით; „სამართლებრივი ვალდებულება“ — კანონით დაკისრებული მოთხოვნის შესრულებას. მხოლოდ პოლიტიკის წაკითხვა ყველა დამუშავებაზე თანხმობა არ არის.
- ანგარიშის შექმნა, შესვლა და დაცვა: სახელი, გვარი, ელფოსტა, პაროლის ჰეში, ანგარიშისა და სესიის იდენტიფიკატორები; Google-ით ან Apple-ით შესვლისას — პროვაიდერის იდენტიფიკატორი და მის მიერ მოწოდებული სახელი/ელფოსტა, მათ შორის Apple-ის დამალული ელფოსტა. საფუძველი: ხელშეკრულება; უნებართვო წვდომის პრევენციისთვის — ლეგიტიმური ინტერესი. ანგარიშის მონაცემები ინახება ანგარიშის არსებობისას; სესიები მოქმედების ვადით, ხოლო ტექნიკური ჟურნალები ქვემოთ მოცემული ვადებით.
- ასაკის წესები: დაბადების თარიღი და 16–17 წლის პირის განცხადება მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ცოდნისა და თანხმობის შესახებ. მიზანი: ასაკობრივი დაშვება და არასრულწლოვნის დაცვა. საფუძველი: სამართლებრივი ვალდებულება და ასაკისთვის შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება. დაბადების თარიღი ინახება ანგარიშთან ერთად; განცხადების მტკიცებულება — თანხმობის ჩანაწერების წესით. თარიღს არ ვიყენებთ მარკეტინგისთვის ან პროფილირებისთვის, არ ვაგზავნით AI-ში და არ ვაგროვებთ მშობლის კონტაქტებს.
- სწავლა და პროგრესი: არჩეული საგნები, მიზნები, ტესტები, პასუხები, ესეები, ატვირთული პასუხის ფოტოები, შედეგები, დახარჯული დრო, სუსტი თემები, სავარჯიშო ისტორია და რეკომენდაციები. საფუძველი: ხელშეკრულება; AI დამუშავება დამატებით საჭიროებს ცალკე თანხმობას. ანგარიშთან დაკავშირებული სასწავლო ჩანაწერები ინახება ანგარიშის არსებობისას. ანგარიშის წაშლისას პასუხის ფოტოებიც იშლება ძირითადი ბაზიდან. სარეზერვო და მიმწოდებლის ასლების ვადები იხილეთ მე-6 პუნქტში.
- AI ფუნქციები: კითხვების ტექსტი და კონტექსტი, თქვენი ჩატი, პასუხები და ესეები, პასუხის ფოტო, ხმოვანი ჩანაწერი ტექსტად გარდასაქმნელად, სახელი გვარის გარეშე და სუსტი თემები. მიზანი: თემის სწავლა, ვარჯიში, ნამუშევრის სავარჯიშო შეფასება და ტექსტის ამოკითხვა. საფუძველი: ცალკე, არჩევითი თანხმობა. ჩატი და შეფასება ანგარიშის არსებობისას ინახება; ხმის ჩანაწერს ჩვენი ტრანსკრიფციის სერვერი დამუშავების შემდეგ არ ინახავს. მიმწოდებლების ვადები მითითებულია მე-4 პუნქტში.
- გადახდები და წვდომა: პროდუქტი, თანხა, ვალუტა, თარიღი, სტატუსი, ტრანზაქციისა და შეკვეთის იდენტიფიკატორი, განახლების ტოკენი და ბარათის ბოლო ოთხი ციფრი; მაღაზიით შეძენისას — ქვითრის/ტრანზაქციის, პროდუქტის, შეძენის ტოკენის, განახლებისა და ვადის ჩანაწერები. საფუძველი: ხელშეკრულება; აღრიცხვა და მოთხოვნების დაცვა — სამართლებრივი ვალდებულება და ლეგიტიმური ინტერესი. გადახდისა და მასთან დაკავშირებული მოვლენების ჩანაწერები ანგარიშთან კავშირის გარეშე რჩება ბოლო შესაბამისი საანგარიშგებო წლის დასრულებიდან 6 სრული წელი, ბუღალტრული აღრიცხვის კანონის მე-4 მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად. ქვითრის მონაცემებში შეიძლება დარჩეს სახელი ან ელფოსტაც. ვადის გასვლის შემდეგ წაშლა საათობრივად მოწმდება. ბარათის სრულ ნომერსა და CVV-ს Maswavle არ იღებს.
- თანხმობისა და პირობების მიღების მტკიცებულება: გადაწყვეტილება ან გამოხმობა, თარიღი/დრო, შესაბამისი დოკუმენტის ვერსია, IP მისამართი, ბრაუზერის ან აპლიკაციის user agent და ანგარიშის იდენტიფიკატორი. მშობლის თანხმობის დადასტურებისას ინახება არასრულწლოვნის განცხადების ფაქტიც. მიზანი: მიღებული გადაწყვეტილების დამტკიცება. საფუძველი: სამართლებრივი ვალდებულება და სამართლებრივი მოთხოვნის დაცვის ლეგიტიმური ინტერესი. ჩანაწერები, მათ შორის ანგარიშის UUID, IP, user agent და გადაწყვეტილების დეტალები, ინახება ანგარიშის წაშლიდან 3 წელი, შემდეგ იშლება საათობრივი შემოწმებით. ეს ჩვენი მტკიცებულების შენახვის ვადაა და არა კანონით ყველა თანხმობისთვის დადგენილი ერთიანი ვადა. ძველ, უკვე წაშლილ ანგარიშებთან დარჩენილი ჩანაწერებისთვის, რომელთა წაშლის თარიღი უცნობია, 3 წელი ამ წესის ამოქმედებიდან აითვლება.
- სერვისული წერილები და მხარდაჭერა: ელფოსტა, მოთხოვნის შინაარსი, გაგზავნისა და მიწოდების მონაცემები. მიზანი: შესვლა/პაროლის აღდგენა, აუცილებელი სერვისული ინფორმაცია და თქვენს კითხვაზე პასუხი. საფუძველი: ხელშეკრულება; საჩივრისა და ვალდებულების მტკიცებულებისთვის — სამართლებრივი ვალდებულება ან ლეგიტიმური ინტერესი. ანგარიშის შეტყობინებები და მათზე მიბმული მიწოდების ჩანაწერები ანგარიშთან ერთად იშლება; ჩვენი სხვა გაგზავნის ტექნიკური მრიცხველები მაქსიმუმ 30 დღე რჩება; მხარდაჭერის მიმოწერისა და გარე ელფოსტის ჟურნალების ზუსტი ვადები განსაზღვრული არ არის. მარკეტინგული წერილები არ იგზავნება.
- push შეტყობინებები: iPhone-ზე Apple APNs ტოკენი; Android-ზე FCM push ტოკენი და Firebase installation ID, პლატფორმის/მოწყობილობისა და შეტყობინების მიწოდების მონაცემები. მიზანი: ნებადართული სერვისული შეტყობინებების მისაწოდებლად მოწყობილობის ამოცნობა. საფუძველი: მოწყობილობაზე თქვენი ნებართვა/თანხმობა და მოთხოვნილი მომსახურების ხელშეკრულება. ჩვენს ბაზაში ტოკენი ინახება რეგისტრირებული მოწყობილობის არსებობისას, იშლება მოწყობილობის მოხსნისას ან ანგარიშთან ერთად; ანგარიშის წაშლისას ამ მოწყობილობაზე აპლიკაცია push რეგისტრაციის გაუქმებასაც ითხოვს. განახლებული Android აპლიკაცია Firebase ტოკენისა და ინსტალაციის წაშლას ითხოვს; ძველ ვერსიას ინსტალაციის წასაშლელად განახლება სჭირდება. წარუმატებელი მოთხოვნა მომდევნო გახსნისას მეორდება. Firebase-ის წესით, მიღებული წაშლის მოთხოვნის შემდეგ მონაცემების მოცილებას მოქმედი სისტემებიდან და ასლებიდან შეიძლება 180 დღემდე დასჭირდეს. სხვა მოწყობილობაზე ადგილობრივი გასუფთავება შემდეგ კავშირზე ხდება. ნებართვის გაუქმება შეგიძლიათ მოწყობილობის პარამეტრებში. მარკეტინგული push არ იგზავნება.
- უსაფრთხოება, ხარვეზები და წარმადობა: IP/მოთხოვნის ტექნიკური მონაცემები, client-error შეტყობინების ტექსტი, გვერდის მისამართი და შეცდომის კოდი/stack; vitals გაზომვები — ჩატვირთვისა და რეაგირების მაჩვენებლები. ბრაუზერი ამ მოთხოვნებს სესიის ქუქისაც ატანს, თუმცა დამმუშავებელი მათგან მოსწავლის პროფილს არ კითხულობს. საფუძველი: უსაფრთხო და გამართული მომსახურების ლეგიტიმური ინტერესი. Nginx-ის ჟურნალები როტირდება 14 დღიური ასლით; სისტემის ჟურნალებისთვის ორივე სერვერზე მოქმედებს 30-დღიანი მაქსიმალური ვადა და 1 GiB მოცულობის ლიმიტი; მოცულობის შევსებისას ჩანაწერები შეიძლება უფრო ადრე წაიშალოს. PostgreSQL-ის ცალკე ფაილური ჟურნალი 10 ყოველკვირეულ ასლს ინახავს; უმოქმედობისას მკაცრი ასაკობრივი ზღვარი არ მოქმედებს. მონაცემთა ბაზის შეცდომაში შეიძლება მოხვდეს ელფოსტა ან სხვა შეყვანილი დეტალი. ბრაუზერის შეცდომის რეპორტები ბაზიდან ბოლო გამეორებიდან 30 დღეში იშლება, საათობრივი შემოწმებით. ანგარიშის წაშლა ამ დიაგნოსტიკურ ჩანაწერებში სახელისა და ელფოსტის ზუსტ ასლებსაც ასუფთავებს.
- ჩვენი კამპანიების შედეგების შეფასება: კამპანიის მოკლე კოდი, წყარო, ვებ/აპლიკაციის პლატფორმა და რეგისტრაციის ნაბიჯები. რეგისტრაციამდე ინახება ანონიმური დღიური ჯამები; რეგისტრაციის შემდეგ კამპანია და პლატფორმა ერთხელ ებმება ანგარიშს. პირველი მხარის growth მოვლენები გვაჩვენებს რეგისტრაციასა და მომსახურების გამოყენებასთან დაკავშირებულ შედეგებს. საფუძველი: კამპანიების ეფექტიანობის შეფასების ლეგიტიმური ინტერესი. mw_src ქუქი ინახება 30 დღე; ანგარიშზე მიბმული წყარო — ანგარიშის არსებობისას, პიროვნების ამოცნობის შეუძლებელი ანონიმური ჯამები ვადის გარეშე შეიძლება დარჩეს.
- AI პასუხისა და შეფასების რეპორტი: თქვენი შეტყობინება და რეპორტირებული პასუხის/შეფასების ტექსტის ასლი, კონტექსტი და საჭიროების შემთხვევაში დანართი. მიზანი: პრობლემის განხილვა და გამოსწორება. საფუძველი: მომსახურების ხელშეკრულება და ხარისხის/უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესი. ანგარიშის წაშლისას რეპორტის ტექსტი, ფოტო/დანართი და გადაღებული კონტექსტი სრულად იშლება. რჩება მხოლოდ პრობლემის ტიპი, ტესტის/კითხვის მითითება, თარიღი და განხილვის სტატუსი, მოსწავლესთან კავშირის გარეშე. იგივე წესი მოქმედებს საიტის ხარვეზის რეპორტზეც; არაიდენტიფიცირებადი ისტორია შეიძლება ვადის გარეშე დარჩეს.
3. უსაფრთხოების სიგნალები
თუ მოსწავლე თვითდაზიანებაზე ან ძალადობაზე წერს და უსაფრთხოების სისტემა შეტყობინებას მონიშნავს, ვინახავთ ტექსტის ასლს, მიზეზს, დროსა და ანგარიშთან კავშირს, რათა უფლებამოსილმა თანამშრომელმა შეძლოს საკითხის განხილვა და საჭიროებისას გამოხმაურება. ამ ტექსტს კითხულობს მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომელი და ყოველი წაკითხვა წინასწარ აღირიცხება: ვინ, როდის და რომელი IP-დან წაიკითხა. ეს არ არის გადაუდებელი დახმარების ან მუდმივი ადამიანური მონიტორინგის სამსახური.
ასეთი მონიშნული შეტყობინების ან შეჩერებული AI ტექსტის ასლი, განხილვის ჩანაწერები და შენარჩუნების მიზეზი ინახება განხილვის დასრულებამდე, შექმნიდან მაქსიმუმ 30 დღე; პასუხისმგებელი პირის მიერ წერილობით დასაბუთებული შენარჩუნებისას — შექმნიდან მაქსიმუმ 90 დღე. ვადა ხელახლა გახსნით არ იწყება; წაშლა ავტომატურია, საათობრივ გასუფთავებას შეიძლება ერთ საათამდე დასჭირდეს. ანგარიშის წაშლა შენარჩუნებულ ასლსაც შლის. ტექსტს კითხულობს პასუხისმგებელი პირი — ამჟამად დამფუძნებელი შოთა სილაგაძე; მფლობელთან გაგზავნილი გაფრთხილება ჩატის ტექსტს არ შეიცავს. წაკითხვისა და მოქმედების აუდიტი, ტექსტისა და მიზეზის ასლის გარეშე, ინახება მოვლენიდან 1 წელი; ადმინისტრაციული პრობლემის ტექნიკური მითითება — შექმნიდან 90 დღე. ასლები არ გამოიყენება რეკლამისთვის ან მოდელების გასაწვრთნელად. ორიგინალ ჩატის ისტორიას თავისი წაშლის წესი აქვს. ჯანმრთელობისა და სხვა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების სპეციალური სამართლებრივი საფუძველი ჯერ დადასტურებული არ არის; ჩვეულებრივი ლეგიტიმური ინტერესი მას არ ანაცვლებს.
4. ვის გადაეცემა მონაცემები
მონაცემებს არ ვყიდით. ქვემოთ ჩამოთვლილია მიმწოდებლები/მიმღებები და ქვეყნები; ზოგი, განსაკუთრებით ბანკი და აპლიკაციის მაღაზია, თავისი ვალდებულებებისთვის დამოუკიდებელ პასუხისმგებელ პირადაც მოქმედებს. ვალდებულნი ვართ, ყოველ მესამე პირთან, რომელსაც მონაცემები მიეწოდება, უზრუნველვყოთ ამ პოლიტიკის შესაბამისი, არანაკლები დაცვის სტანდარტი და საჭირო ხელშეკრულებები; მათი პირობების შემოწმება ამ ვალდებულებას არ ცვლის.
- OpenAI OpCo, LLC — აშშ. AI ჩატი, სავარჯიშო შეფასება, ფოტოს ამოკითხვა, ხმოვანი კითხვის ტექსტად გარდაქმნის სარეზერვო გზა და AI ტექსტის უსაფრთხოების შემოწმება. AI-ის ყოველი ტექსტი, მათ შორის სხვა მიმწოდებლის პასუხი, შეფასების უკუკავშირი, ფოტოდან ამოკითხული ტექსტი და შენახული ახსნა, ჩვენებამდე გადის OpenAI-ის მოდერაციის სერვისსა და OpenAI-ის კლასიფიკაციის მოდელს. კლასიფიკატორი კონტექსტსა და სწავლებისთვის დაშვებულ გამონაკლისებსაც ამოწმებს; შეუმოწმებელი ტექსტი არ ჩანს. შეჩერებული შენახული ტექსტის გამოჩენა შესაძლებელია უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ზუსტად იმ ტექსტის წაკითხვისა და დადასტურების შემდეგ. API მონაცემები მოდელების გასაწვრთნელად არ გამოიყენება; ჩვეულებრივი უსაფრთხოების შენახვა არაუმეტეს 30 დღეა, გარდა პროვაიდერის წესით ან კანონით გამონაკლისებისა. კონტაქტი და მონაცემთა პირობები.
- Anthropic, PBC — აშშ. ჩატის, შეფასებისა და სხვა AI ამოცანების დამუშავება, მათ შორის სარეზერვო მარშრუტით. API მონაცემები მოდელების გასაწვრთნელად არ გამოიყენება; ჩვეულებრივ იშლება 30 დღეში, ხოლო დარღვევის ნიშნების ან სამართლებრივი მოთხოვნისას შესაძლებელია უფრო ხანგრძლივი შენახვა. კონტაქტი და პოლიტიკა.
- Google LLC — აშშ; შესაბამისი ევროპული მომსახურებისთვის Google Ireland Limited — ირლანდია. Google-ით შესვლა; Android push-ის Firebase Cloud Messaging და ინსტალაციის იდენტიფიკატორი; Gemini, რომელიც ამჟამად ხმოვანი კითხვის ტექსტად გარდაქმნის მარშრუტში რჩება; Google Play-ის შეძენის/ქვითრის შემოწმება, როცა ეს არხი გამოიყენება; ასევე Gmail-ზე გამოქვეყნებული ჩვენი მხარდაჭერის მისამართის მიმოწერა. Gemini-ის ფასიანი API-ის წესით მონაცემები პროდუქტების გასაუმჯობესებლად არ გამოიყენება და ბოროტად გამოყენების მონიტორინგისთვის 55 დღე ინახება. სხვა Google მომსახურებებს მათი საკუთარი შენახვის ვადები აქვს. კონტაქტი და პოლიტიკა, Firebase.
- GoDaddy — ჰოსტინგის დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი (processor). ჩვენი სერვერები და 7-დღიანი სარეზერვო ასლები საფრანგეთშია. GoDaddy-ის მხარდაჭერის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სერვერებსა და ასლებზე წვდომა ნებისმიერი ქვეყნიდან შეიძლება ჰქონდეთ, მათ შორის ევროკავშირის გარეთ. ჯგუფი მოიცავს აშშ-ის პირებს; მონაცემთა ცენტრის ოპერატორის ჩანაწერში მითითებულია Host Europe GmbH (გერმანია). დამუშავების სახელშეკრულებო პირობებია GoDaddy-ის DPA; კონტაქტი და კონფიდენციალურობა.
- Resend, Inc. — აშშ. სერვისული ელფოსტის მიწოდება: მიმღების ელფოსტა, წერილის შინაარსი და მიწოდების მეტამონაცემები. გაგზავნის ირლანდიური რეგიონი აშშ-ში შენახულ ანგარიშის მონაცემებსა და ჟურნალებს არ გამორიცხავს. კონტაქტი და პოლიტიკა.
- Apple Inc. — აშშ; შესაბამისი ევროპული მომსახურებისთვის Apple Distribution International Ltd. — ირლანდია. APNs push, Sign in with Apple, App Store-ის ტრანზაქციები და გამოწერის სტატუსი. Apple შეიძლება მოგაწოდოთ ელფოსტის დამალვის სერვისი. მაღაზიის ბარათის მონაცემებს Maswavle არ იღებს. კონტაქტი და პოლიტიკა.
- სს საქართველოს ბანკი (Bank of Georgia) — საქართველო. მის გადახდის გვერდზე შეყვანილი ბარათის ინფორმაცია, შეკვეთა, თანხა და გადახდის/განახლების მონაცემები. კონტაქტი.
- შპს თიფეი / Tpay LLC, Flitt (TBC-ის საგადახდო პლატფორმა) — საქართველო. მის გადახდის გვერდზე შეყვანილი მონაცემები, შეკვეთა და თანხა, ტრანზაქციისა და განმეორებითი გადახდის დამუშავება. გამოყენებული ბანკი ჩანს გადახდისას. კონტაქტი.
მონაცემი კონკრეტულ მიმწოდებელს გადაეცემა შესაბამისი ფუნქციის გამოყენებისას. AI-ის სარეზერვო მარშრუტმა იგივე მოთხოვნა შეიძლება სხვა დასახელებულ მიმწოდებელთანაც გაგზავნოს. კანონის მოთხოვნით მონაცემი შეიძლება მიეწოდოს უფლებამოსილ ორგანოს, მხოლოდ საჭირო ფარგლებში.
5. AI თანხმობა და საზღვარგარეთ გადაცემა
AI თანხმობის ველი ცალკე და წინასწარ მოუნიშნავია რეგისტრაციისას; ძველი ანგარიშისთვის ის ერთხელ ჩანს პირობების მიღების გვერდზე. თანხმობის მიცემა ან გამოხმობა შეგიძლიათ „ანგარიში და პარამეტრები“ → „AI ფუნქციები“. უარისას ტესტები, ვარჯიში, ავტომატურად შემოწმებადი პასუხები და შენახული ახსნები რჩება; თქვენი ესე/ღია პასუხი AI შეფასებას ელოდება, სანამ თანხმობას არ მისცემთ.
AI-ს არ ვაწვდით გვარს, ელფოსტას, დაბადების თარიღს ან გადახდის მონაცემებს, როგორც პროფილის ველებს. თუ მათ თავად ჩაწერთ ჩატში, ესეში ან ფოტოზე, ისინი ნამუშევრის ნაწილად შეიძლება მოხვდეს მიმწოდებელთან. საკუთარი პლატფორმის შენახული ახსნების შემოწმება სტუდენტის ახალი მონაცემის გაგზავნას არ მოითხოვს.
საფრანგეთი ევროკავშირშია. აშშ არ არის საქართველოს მიერ ადეკვატური დაცვის მქონედ აღიარებული ქვეყნების სიაში: სახელმწიფო ორგანოებს მონაცემებზე უფრო ფართო წვდომა შეიძლება ჰქონდეთ და თქვენი უფლებების განხორციელება გართულდეს. AI მონაცემების აშშ-ში გადაცემა ეფუძნება ამ რისკების შესახებ ინფორმირების შემდეგ თქვენს ცალკე თანხმობას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაცემის ნებართვები ჯერ მიღებული არ არის; მიმწოდებლის სტანდარტული ხელშეკრულება ნებართვას თავისთავად არ ცვლის.
Resend-ის, Google-ისა და Apple-ის არა-AI მომსახურებების აშშ-ში გადაცემის კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმი და საჭირო თანხმობები ჯერ დადასტურებული არ არის. AI-ის ველი ამ სხვა ნაკადებზე თანხმობად არ ითვლება. GoDaddy-ის მხარდაჭერის თანამშრომლების წვდომა ნებისმიერი ქვეყნიდან ნიშნავს, რომ საფრანგეთში შენახულ მონაცემებსა და სარეზერვო ასლებზე ევროკავშირის გარედანაც შეიძლება იყოს წვდომა — ეს საზღვარგარეთ გადაცემის ნაწილია. სახელშეკრულებო საფუძველია GoDaddy-ის DPA.
6. წაშლა და სარეზერვო ასლები
ანგარიშის წაშლა
Maswavle-ის ანგარიშის წაშლას უზრუნველყოფს შპს მასწავლემე. ვებსა და აპლიკაციაში შეეხეთ პროფილის წრეს/ინიციალს (მენიუ „ანგარიში და პარამეტრები“), შემდეგ ხილულ პუნქტს „ანგარიშის წაშლა“. დიალოგში ჩაწერეთ პაროლი, ან Google/Apple-ით შექმნილ ანგარიშზე — ელფოსტა, და შეეხეთ „ანგარიშის სამუდამოდ წაშლა“. მიმდინარე გადახდის დასრულებამდე წაშლა შეიძლება დროებით შეჩერდეს. აპლიკაციის გარეშე წაშლის მოთხოვნა შეგიძლიათ ანგარიშის ელფოსტიდან გამოგზავნოთ maswavleme@gmail.com-ზე; საჭიროებისას ვინაობას მხოლოდ აუცილებელი ინფორმაციით გადავამოწმებთ.
ძირითადი ბაზიდან იშლება პროფილი, სახელი/ელფოსტა და პაროლის ჰეში, დაბადების თარიღი, შესვლის სესიები და დაკავშირებული Google/Apple იდენტობა, საგნების არჩევანი, პასუხები და პასუხის ფოტოები, ესეები, შეფასებები, პროგრესი, სავარჯიშოები, ჩატები, შეტყობინებები, push მოწყობილობები, კამპანიის პირადი კავშირი, AI თანხმობის აქტიური ნიშანი, AI გამოყენების პირადი ჩანაწერები და უსაფრთხოების სიგნალების ტექსტი. წარსულ თანხმობაზე მტკიცებულება ცალკე რჩება ქვემოთ მითითებული წესით. რეპორტებიდან იშლება ტექსტი, დანართები და კონტექსტი. მხოლოდ თქვენთვის გაგზავნილი ადმინისტრაციული შეტყობინების ადრესატის სახელი/ელფოსტა, სათაური და ტექსტი იცვლება „წაშლილი ანგარიში“-თი; თარიღისა და გაგზავნის ისტორია რჩება. ყველასთვის გაგზავნილი განცხადებები უცვლელია.
ბანკის შემდგომი განახლება წყდება. Apple App Store-ის ან Google Play-ის გამოწერა თავად უნდა გააუქმოთ შესაბამის მაღაზიაში — ანგარიშის წაშლა მაღაზიის გამოწერის გაუქმებას არ ნიშნავს. Apple-ით შესვლისას მისი ტოკენის გაუქმებასაც ვითხოვთ. თანხის დაბრუნების წესი ცალკე აღწერილია დაბრუნების გვერდზე.
წაშლის შემდეგ რჩება:
- გადახდისა და გადახდის მოვლენების ჩანაწერები, მათში არსებული ქვითრის/იდენტიფიკაციის დეტალებით — ბოლო შესაბამისი საანგარიშგებო წლის დასრულებიდან 6 სრული წელი, აღრიცხვის სამართლებრივი ვალდებულებისთვის.
- თანხმობისა და პირობების მიღების მტკიცებულება (ძველი ანგარიშის UUID, IP, user agent, თარიღი, ვერსია და დეტალები) — ანგარიშის დასრულებიდან 3 წელი, გადაწყვეტილების/მოთხოვნის დასამტკიცებლად; ძველი უცნობი წაშლის თარიღის მქონე ჩანაწერებისთვის — წესის ამოქმედებიდან 3 წელი. ეს ჩანაწერები ჩვეულებრივი რედაქტირებისგან დაცულია და ვადის შემდეგ სპეციალური წესით იშლება.
- მონაცემებზე ადმინისტრატორის წვდომისა და ცვლილებების აუდიტი (მათ შორის უსაფრთხოების სიგნალის წაკითხვა და ჩამოტვირთვა) და უსაფრთხოების მოვლენები (წარმატებული/წარუმატებელი შესვლა, პაროლის აღდგენის მოთხოვნა/გამოყენება, ელფოსტის შეცვლა და ანგარიშის წაშლა) — მოვლენიდან 1 წელი, წვდომის დასადასტურებლად და ანგარიშის დასაცავად. ინახება მოქმედი პირის/ანგარიშის იდენტიფიკატორი, ადმინისტრატორის სახელი ან ელფოსტა, მოქმედება, მარშრუტის შაბლონი, შედეგი, თარიღი, IP და სიაში დაბრუნებული ანგარიშების იდენტიფიკატორები/რაოდენობა; შესვლისა და აღდგენის მცდელობის ელფოსტა აუდიტში ჰეშით ინახება. პაროლი, სესიის ან აღდგენის ტოკენი და ნანახი ტექსტის ასლი აუდიტში არ იწერება. ანგარიშის წაშლა აუდიტის ვადას არ ცვლის; საათობრივ გასუფთავებას შეიძლება ერთ საათამდე დასჭირდეს. სიგნალის შინაარსი და განხილვის ჩანაწერები იშლება დახურვისას ან შექმნიდან 30 დღეში, წერილობით დასაბუთებული შენარჩუნებისას — შექმნიდან 90 დღეში; ანგარიშის წაშლა შენარჩუნებულ ასლსაც შლის. ადმინისტრაციული პრობლემის ტექნიკური UUID მითითება შექმნიდან 90 დღეში იშლება.
- ტექნიკური ჟურნალები — Nginx-ის 14 დღიური ასლი; სისტემის ჟურნალები მაქსიმუმ 30 დღე და 1 GiB; PostgreSQL-ის ფაილური ჟურნალი — 10 ყოველკვირეული ასლი, უმოქმედობისას მკაცრი ასაკობრივი ზღვრის გარეშე; ბრაუზერის შეცდომის ჩანაწერი ბაზაში ბოლო გამეორებიდან 30 დღე. მიზანია უსაფრთხოება და ხარვეზის გამოკვლევა. საათობრივი გასუფთავების ვადას შეიძლება ერთ საათამდე დაემატოს.
- დროებითი ქეში წაშლისას იწმინდება; გასუფთავების შეფერხებისას მაქსიმუმ 24 საათში იწურება. დაუსრულებელი Google/Apple რეგისტრაციის მონაცემს 15-წუთიანი ვადა აქვს, საათობრივ გასუფთავებამდე მაქსიმუმ 75 წუთი. ადგილობრივი პასუხები/პარამეტრები ამ მოწყობილობაზე იშლება; სხვა მოწყობილობაზე — სერვერთან შემდეგი კავშირისას.
- AI მიმწოდებლის უკვე მიღებული ასლები — OpenAI და Anthropic ჩვეულებრივ 30 დღემდე; ფასიანი Gemini — 55 დღე. ანგარიშის წაშლა ამ ვადებს თავიდან არ იწყებს. პროვაიდერის უსაფრთხოების ან სამართლებრივი გამონაკლისი შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს. push პროვაიდერის წაშლისა და ძველი Android ვერსიის შეზღუდვები აღწერილია მე-2 პუნქტში.
- მხარდაჭერის მიმოწერა და გარე ელფოსტის ჟურნალები — მათი ზუსტი ვადები დადასტურებული არ არის. ბანკსა და აპლიკაციის მაღაზიას დამოუკიდებელი სამართლებრივი შენახვის წესებიც აქვს. Android-ის მოწყობილობის სარეზერვო ასლები აღწერილია მე-7 პუნქტში.
- პიროვნებასთან დაუკავშირებელი რეპორტის სტატუსები, გაგზავნის ისტორია და ანონიმური სტატისტიკა შეიძლება დარჩეს ვადის გარეშე. სარეზერვო ასლების კონკრეტული ვადები ქვემოთაა.
ჩატის წაშლა ანგარიშის წაშლის გარეშე: კომპიუტერის ბრაუზერში Maswavle-ის სუსტი თემის სავარჯიშოს AI ჩატში ცალკე შეტყობინებაზე შეეხეთ × ღილაკს („შეტყობინების წაშლა“); ამ ჩატის მთელი ისტორიისთვის — სანაგვე ურნის ხატულას („ჩატის ისტორიის წაშლა“). ანგარიში და სხვა სასწავლო შედეგები რჩება. ეს კონტროლები კომპიუტერზე გახსნილ თემის ჩატს ეხება. ტელეფონის სავარჯიშოს ეკრანს ასეთი ღილაკები ამჟამად არ აქვს და კომპიუტერზე გახსნილი ჩატი ტელეფონის მიმდინარე საუბარს არ აჩვენებს. ტელეფონის მომხმარებელსაც შეუძლია ჩატის შეტყობინებების წაშლა ანგარიშის შენარჩუნებით: ანგარიშის ელფოსტიდან მოგვწერეთ maswavleme@gmail.com-ზე და მიუთითეთ, ყველა ჩატის წაშლა გსურთ თუ კონკრეტული საუბრის/შეტყობინების. ვინაობას მხოლოდ საჭირო ინფორმაციით გადავამოწმებთ და მოთხოვნას 10 სამუშაო დღეში შევასრულებთ. აპლიკაციაში ახალი ანგარიშის შექმნა ან ანგარიშის წაშლა ამისთვის საჭირო არ არის. უკვე გაგზავნილ რეპორტში/უსაფრთხოების სიგნალში, მიმწოდებელთან ან სარეზერვო ასლში მოხვედრილ ასლს თავისი ზემოთ აღწერილი შენახვის წესი აქვს.
სერვერის სარეზერვო ასლები: დღიური ასლები — 7 დღე; ყოველკვირეული — 4 კვირა; დღის შიდა — 24 საათამდე; განთავსებამდე ან ხელით შექმნილი ასლები მართვად საქაღალდეებში — 30 დღემდე. ვადის შემოწმება ყოველ საათში სრულდება. იმავე დისკზე მედიის დამატებითი ასლი აღარ იქმნება. GoDaddy ორივე სერვერის სრულ ასლს ყოველდღე ქმნის და 7 დღე ინახავს ცალკე რეზერვირებულ სერვერზე, იმავე ევროკავშირის მონაცემთა ცენტრში. აღდგენა მხოლოდ მთელი სერვერის წინა მდგომარეობაში დაბრუნებითაა შესაძლებელი, ცალკე ფაილისთვისაც. GoDaddy-ის ეს ასლები დაშიფრული არ არის. საჭიროებისას შექმნილ მოთხოვნით ასლს GoDaddy ავტომატურად არ შლის — ის შეიძლება სერვერის არსებობის ბოლომდე დარჩეს; ჩვენი წესით ასეთი ასლი შექმნიდან 7 დღეში უნდა წაიშალოს. 2026 წლის 14 ოქტომბრის შემოწმებით, არცერთ სერვერს მოთხოვნით შექმნილი ასლი არ აქვს.
ამ რეგულარული სარეზერვო ასლებიდან წაშლილი მონაცემი დაახლოებით 5 კვირაში ქრება: მაქსიმუმ 30 დღე სერვერის ასლში და დამატებით 7 დღე GoDaddy-ის ასლში, ვადის საათობრივი შემოწმების გათვალისწინებით. ოპერატორის კომპიუტერზე ანგარიშისა და მოსწავლის მონაცემების სარეზერვო ასლები აღარ ინახება და ახალი ასლები არ ჩამოიტვირთება.
7. ქუქები და მოწყობილობის მეხსიერება
შესვლისთვის ვიყენებთ სესიის აუცილებელ ქუქის; ბრაუზერისა და აპლიკაციის web-view მეხსიერება ინახავს მიმდინარე სამუშაოს და ტექნიკურ პარამეტრებს, რათა კავშირის გაწყვეტისას პასუხები არ დაიკარგოს. ერთადერთი ანალიტიკური ქუქია ჩვენი პირველი მხარის mw_src, რომელიც 30 დღით იმახსოვრებს კამპანიის წყაროს. Meta Pixel ამოღებულია; სხვა საიტებზე თქვენს მოძრაობას სარეკლამო ტრეკერით არ ვაკვირდებით.
Android აპლიკაციაში სისტემური სარეზერვო ასლი ჯერ ჩართულია. მოწყობილობისა და Google-ის სარეზერვო პარამეტრების მიხედვით მასში შეიძლება მოხვდეს აპლიკაციის web-view მეხსიერება. ამ ასლებზე Maswavle-ის ანგარიშის წაშლა ავტომატურ კონტროლს არ ნიშნავს; სარეზერვო გამორიცხვა არ მოქმედებს.
8. არასრულწლოვნები და უსაფრთხოება
Maswavle განკუთვნილია 16 წლიდან. 16–17 წლის პირი თავად ადასტურებს, რომ მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა იცის და თანახმაა მომსახურებაზე, მათ შორის AI ფუნქციებზე. ეს არ არის მშობლის ვინაობის დამოუკიდებელი შემოწმება. დაბადების თარიღი მხოლოდ ასაკის წესებს ემსახურება და არასოდეს გამოიყენება მარკეტინგის ან პროფილირების მიზნით.
ვზღუდავთ წვდომას უფლებამოსილ პირებზე და ვიცავთ მონაცემებს ტექნიკური და ორგანიზაციული ზომებით. მონაცემთა დარღვევისას შეგატყობინებთ დარღვევასა და შესაბამის ნაბიჯებს მოქმედი კანონისა და აპლიკაციის მაღაზიის მოთხოვნების შესაბამისად; საჭიროებისას ვაცნობებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც. უსაფრთხოების წესები და არასრულწლოვანთა ინტერესები აღწერილია AI გვერდზე.
9. თქვენი უფლებები და საჩივარი
შეგიძლიათ მოითხოვოთ ინფორმაცია და მონაცემებზე წვდომა/ასლი, გასწორება, განახლება, წაშლა, დამუშავების შეწყვეტა ან დაბლოკვა, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადატანა და ავტომატიზებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული უფლებების განხორციელება. შეგიძლიათ გააპროტესტოთ ლეგიტიმურ ინტერესზე დაფუძნებული დამუშავება და გამოიხმოთ თანხმობა; გამოხმობა მანამდე კანონიერ დამუშავებას უკუქცევით არ აუქმებს. Maswavle-ის სავარჯიშო AI ქულა მიღებას, ატესტატს ან სხვა სამართლებრივ შედეგს არ წყვეტს.
მოგვწერეთ maswavleme@gmail.com-ზე ან დაგვირეკეთ +995 591 21 88 18. ჩვეულებრივი პასუხის ვადაა 10 სამუშაო დღე; მხოლოდ კანონით დაშვებული გაგრძელებისას წინასწარ აგიხსნით მიზეზსა და ვადას. პიროვნების დასადასტურებლად მოვითხოვთ მხოლოდ საჭირო ინფორმაციას. მოთხოვნის შეზღუდვის ან უარის შემთხვევაში აგიხსნით სამართლებრივ მიზეზს და გასაჩივრების გზას.
საჩივრით შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც მონაცემთა დაცვის ზედამხედველ ორგანოს: sao.ge, ან სასამართლოს. მხარდაჭერის იგივე ელფოსტა, ტელეფონი და იურიდიული მისამართი ხელმისაწვდომია კომპანიის გვერდზე.
10. ვერსიები
პოლიტიკის ვერსია ჩანს გვერდის სათაურთან; წინარე ტექსტები ხელმისაწვდომია იმავე გვერდის ვერსიის ბმულებით. თანხმობას საჭიროებს კონკრეტული მიზანი და ტექსტი, მხოლოდ პოლიტიკის განახლება თანხმობას არ ცვლის. AI-ში გასაგზავნი მონაცემის, მიმწოდებლის ან მიზნის არსებითი ცვლილებისას ახალ თანხმობას შემდეგ შესვლაზე გთხოვთ. იხილეთ მომსახურების პირობები.